ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხს სახლებში დაბრუნების ოცნება ავუხდინოთ - ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან

პუბლიკა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

საოკუპაციო ხაზთან ჩასვლის შემდეგ ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს და არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. აქ ჩამოსვლისას კი მისი მიზანი იყო ენახა, როგორ ცხოვრობს ხალხი და როგორია ჰუმანიტარული მდგომარეობა.

„სამწუხაროდ, მე აქ ვნახე დანგრეული ცხოვრება ზოგიერთი პოლიტიკოსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მოეხდინა დამოუკიდებელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

მე ვნახე, რომ მოქალაქეები ბევრ შესაძლებლობას არიან მოკლებულები, ზოგიერთ მათგანს არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს პენსია, მოკლებულია წყალმომარაგებას და შეზღუდული აქვთ განათლებაზე წვდომა.

ჩემი ბოლო შეკითხვა ადგილობრივევთან შეხვედრის დროს იყო – რაზე ოცნებობთ? იცით, რა იყო პასუხი? ისინი ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე, მათ სახლებზე. ეს არის ბრძოლის მიზანი, ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობის გაჩენისთვის ბრძოლა, რომ აუხდეთ ოცნება, სახლში დაბრუნების ოცნება.

მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩავდოთ ყველანაირი ძალისხმევა, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, კონფერენციებსა თუ ღონისძიებებზე, რომ პრობლემა გადაწყვეტილი არ არის და ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა შევცვალოთ მდგომარეობა და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის იყო საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის პრინციპებისა და ღირებულებების მხარდამჭერი“, – თქვა გიტანას ნაუსედამ.