ჩვენი სურვილია პოლიციელთა მიმართ ამნისტია განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით | შავგულიძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ოფისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით გამართეს შეხვედრა. შეხვედრის დასრულები შემდეგ შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ 20 ივნისის საქმეზე პოლიციელთა მიმართ ამნისტია უნდა განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით.

 „ჩვენი სურვილია და ალბათ ასე წარვადგენთ ამ კანონპროექტს, პოლიციელთა მიმართ ამნისტია განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით. არ ვიცი, ამაზე რამდენად გამოგვყვება „ქართული ოცნება“, თუ არ იქნება თანახმა, მაშინ ამის გარეშე მოგვიწევს ამ ამნისტიის მიღება, ვინაიდან ეს გათვალისწინებულია ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების ერთადერთ ვარიანტად“, – განაცხადა შავგულიძემ. შალვა შავგულიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შალვა შავგულიძის თქმით, კანონპროექტი უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ამნისტია უნდა გავრცელდეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, მათ შორის იგულისხმება ნიკა მელია.

„დღეის მდგომარეობით, ეს შეეხება სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან სამ თუ ოთხ პოლიციელს, რომელთაც 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ქვეპუნქტით აქვთ ბრალი წარდგენილი, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება. არასახელმწიფო მოხელეებიდან კანონპროექტი შეეხება ნიკა მელიას, ასევე აქციის მონაწილეებს, რომელთა მიმართ შესაძლოა, მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და მათაც, ვის მიმართაც დამდგარია უკვე გამამტყუნებელი განაჩენი.“ – განაცხადა შავგულიძემ.

შეთანხმების დოკუმენტში 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის ჩანაწერმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე წერს, რომ დოკუმენტში ამნისტია ნახსენებია მელიას გამოშვების მექანიზმად და არა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენთა ინდულგენციის საშუალებად.

„20 ივნისის მოვლენების სრული ამნისტირება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ვინაიდან კონევნცია სახელმწიფოს აკისრებს მსგავსი დარღვევების გამოძიების უპირობო ვალდებულებას. ამნისტია კი ამ ვალდებულებას აორთქლებს. შესაბამისად ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ თურმე ტექსტში საყოველთაო ამნისტიაზეა საუბარი, ამით იმასაც გვიმტკიცებენ, რომ ევროპელმა უმაღლესი რანგის მედიატორებმა ევროპული კონვენციის კოლექტიური დარღვევა შემოგვთავაზეს. აბსურდია! 3. სრული ამნისტია იქნება ძალიან საშიში პრეცედენტი. ხელისუფლებები ჩაიდენენ მასობრივ დანაშაულს და შემდეგ გამოსცემენ ამნისტიის აქტს, რითაც მოკლავენ გამოძიების შანსს, ხოლო დაზარალებულ ადამიანების სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები წაერთმევათ. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მივუძღვენი იმას, რომ ადამიანს ჰქონოდა დარღვეული უფლებისათვის სამართლებრივი ბრძოლისა და გამარჯვების შანსი. 20 ივნისის დროს დაზარალებულ ადამიანებს ეს შანსი არ უნდა წაერთვეთ! მიხარია, რომ ლელოში ასე ფიქრობენ, ხელმოწერამდეც და ხელმოწერის შემდეგაც!“ – წერს სოციალურ ქსელში კახა კოჟორიძე.