ჩვენთან, ცენტრში აცრილია 61%. ალბათ მალე გეტყვით, რომ უკვე 80%-იც და ეს იყოს ყველასთვის მაგალითი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მასობრივი იმუნიცაზიის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ხვალ უკვე იხსნება რეგისტრაცია ჩინურ ვაქცინებზე და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.

დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ მილიონი დოზა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია.

„სავალდებულოება აცრის კანონით განმტკიცებული არ იქნება, მაგრამ ამ დროს ტყუილა არ არის საუბარი სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. ხანდახან ის ქაღალდზე დაწერილ სავალდებულოებაზე უფრო მაღალია.

დღეს ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავამთავრებთ, ამიტომ ყველამ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგბელობა უნდა გამოვიჩინოთ. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს მეგობრებს, მოუწოდოთ, რომ აიცრან, იმიტომ, რომ აცრა იცავს დაავადების განვითარებისგან – ერთი, მერე დაავადების დამძიმებისგან და რაც მთავარია, ფატალური გამოსვლისგან.

…ამიტომ ვამბობთ „უსაფრთხო სკოლები“… მასწავლებლებს მოვუწოდოთ, კი არ დავავალოთ, მაგრამ მოვუწოდოთ ნებაყოფლობით მიბრძანდნენ და აიცრან, რადგან მათ კონტაქტი აქვთ ჩვენს მომავალ თაობებთან. სტუდენტები… გვქონდეს უსაფრთხო უნივერსიტეტები, გვქონდეს უსაფრთხო სხვადასხვა დაწესებულება.

აი, მაგალითად, ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს აცრილია 61%, მალე ალბათ მე გეტყვით, რომ აცრილია 80% და ეს იყოს ყველასთვის მაგალითი, მინდა რომ ავიდეთ 100%-ზე თუ რამე განსაკუთრებული საწინააღმდეგო ჩვენება არ იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.