ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია - ციხელაშვილი

პუბლიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილმა აფხეზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორივე ტერიტორიაზე სახიფათო მდგომარეობაა. ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ წინა დღეების განმავლობაში ასობით ადამიანის შევიდა ცხინვალსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციიდან.

ციხელაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილი  Covid 19-ით ინფიცირებული ქალის კონტაქტები დადგენილია და 7 პირი კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინშია გადაყვანილი.

„არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, დღეს უკვე ნაბიჯებს ვდგამთ. იცით, რომ ერთი პაციენტი ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობს. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და არის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

ასევე ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს გუშინ და მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ისინი ამ ეტაპზე არიან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. იმ ქალბატონთან, რომელსაც დაუდგინდა COVID-19, კონტაქტში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან. ასევე 7 პირი გადმოყვანილია და კონტროლირებად ტერიტორიაზე საკარანტინო ზონაში არიან.

ვფიქრობთ, რომ ამ ქალის მოგზაურობის ისტორიასა და მის კონტაქტებთან დაკავშირებით მეტწილად მიღებილია ზომები. ზოგადად, ორივე ტერიტორიაზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. წინა დღეების განმავლობაში ასობით ადამიანის შემოდინება ხდებოდა რუსეთის ფედერაციიდან რადგან ერთმა ქალმა მოგვმართა და მას დაუდგინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც კორონავირუსი აქვს“, – თქვა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ცხინვალს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ცხინვალის პასუხი დესტრუქციულია.

„ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკამოდ დესტრუქციულია. შეთავაზებებს არ იზიარებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა იქ არ არის გარდა წითელი ჯვრისა, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა, სრული იზოლაციის პირობებში მოსახლეობას შევუმსუბუქოთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით,  ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. მინისტრმა აღნიშნა, რომ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებდ ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.

„აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიათო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია და ამაზე ვმუშაობთ კიდევ ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში გადაიდგმება ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს“, – თქვა ციხელაშვილმა.


აფხაზეთიდან ზუგდიდში 29 მარტს გადმოიყვანეს ქალი, რომელსაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 23 გამოჯანმრთელებულია.