დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლის სახლში მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა 

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლის სახლში ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი საშუალებები და თვეების განმავლობაში უკანონოდ აყურადებდა.

უწყების ცნობით, 1979 წ-ს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი ცოლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის გზით დაზარალებულების კერძო კომუნიკაციას უსმენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ დაიწყო.

ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იქნა დაკავებული [კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა].

დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება.