დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფა დაუშვებელია - პრეზიდენტი ბელარუსზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ ბელარუსში მომხდარს ეხმაურება.

„მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, – წერს პრეზიდენტი.

ბელარუსის ხელისუფლებამ საბერძნეთიდან ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსის ცას ჰკვეთდა, გუშინ მინსკში ძალის გამოყენებით დასვა.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს დაჯდომა ბელარუსის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა MiG-29-მ აიძულა. ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავისთვის გზის გადაჭრის მიზეზად იქ ბომბის შესაძლო არსებობა მოიმიზეზა და ბელარუსელმა ოპერატორებმა თვითმფრინავს უახლოეს, მინსკის აეროპორტში დაფრენა მოსთხოვეს. თუმცა, როგორც BBC წერს, ის ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკთან.

საბოლოოდ, მინსკში ჩხრეკის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იქ ბომბი არ იყო და თვითმფრინავი რამდენიმე საათის დაგვიანებით ვილნიუსში ჩაფრინდა. თუმცა, ერთი მგზავრის გამოკლებით.

ბელარუსელმა სამართალამდცველებმა თვითმფრინავის მინსკში დასმის შემდეგ დააკავეს ოპოზიციური მედიაგამოცემა Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, რომან პროსტასევიჩი.