დაპატიმრებამდე პარლამანეტს მეორედ მოუწევს ჩემთვის მანდატის შეწყვეტაზე მსჯელობა - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, იმისთვის, რომ ის დააპატიმრონ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. მისი თქმით, მანდატის გაუქმების შესახებ მოთხოვნა მას დიდი ხანია დაწერილი აქვს, ახლა კი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს.

„ორი კვირის განმავლობაში მე, ჩემს კოლეგებთან ერთად, ვგულისხმობ როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კოლეგებს, ასევე სხვა მეგობარ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების სიით გასულ ადამიანებს, ვითხოვთ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ.

შოთაძე-ფარცხალაძე-ივანიშვილის პროკურატურამ, თქვენ იცით, რომ ერთკვირიანი გაფრთხილება მომცა და რა უნდა ქნან მათ ჩემზე კარგად იციან. მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოითხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს და 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს. იგივე უნდა გააკეთონ და ასე შეწყვეტენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები, ვეხვეწები, ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. ამიტომ, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული და სხვანაირად უბრალოდ არ შემეძლო მოვქცეულიყავი“, – განაცხადა მელიამ.