შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების შესახებ ისაუბრა.
როგორც დარახველიძე განმარტავს, შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა – ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც პირველივე ჯერზე მუდმივი აღარ იქნება.
„წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს ბინადრობის სფეროში არსებული რეგულაციების გადახედვას. აქ შევეხეთ ორი სახის ბინადრობას – სასწავლო და მუდმივი ბინადრობა. ეს ორი ბინადრობა არის ყველაზე მეტად გაცემული ბინადრობები. დღეის მდგომარეობით, მოქმედი სასწავლო ბინადრობა 35 ათასზე მეტ უცხოელს აქვს, რაც შეეხება მუდმივ ბინადრობას, ეს არის ბინადრობა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემთხვევაში და ასეთი ბინადრობა, დაახლოებით, 30 ათასამდეა გაცემული.
მუდმივი ბინადრობა პირველივე ჯერზე გაიცემა უვადოდ, სანამ ქორწინება იქნება ძალაში. 2026 წლის პირველ კვარტალში გასამმაგებულია ამ ტიპის ბინადრობაზე მოთხოვნა, რაც აჩენს იმის ვარაუდს, რომ შესაძლოა, ამ ბინადრობის მიღების საფუძველი ფიქციური ქორწინება იყოს.
ამიტომ, აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს მუდმივი ბინადრობის გაცემის შემთხვევაში კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმების შემოთავაზებას, კერძოდ, შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ კი მიმართავს უცხოელი ქორწინების შემდგომ ბინადრობის მოთხოვნით და პირველივე ჯერზე უვადოდ აღარ მოხდება ამ ბინადრობის გაცემა. ჯერ გაიცემა ერთი წლის ვადით და შემდგომ ორ-ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობით“,- ამბობს დარახველიძე.
როგორც დარახველიძე ამბობს, ბინადრობის გაცემამდე, უცხოელსა და მის ქართველ მეუღლეს მოუწევთ კომისიის წინაშე გასაუბრების გავლა და თუ ამ გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ეს უკვე დასჯადი ქმედებაა და გაითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. საქმის მასალები შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოს.