დარჩა ბატონი რურუა - მელია უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ „ტვ პირველის” ეთერში ეხმაურება.

„წინ წავიწიეთ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში. ბატონი თამლიანის გათავისუფლების შემდეგ, როგორც პოლიტპატიმრები, დღეს გათავისუფლდნენ ბატონი უგულავა და ბატონი ოქრუაშვილი. დარჩა ბატონი რურუა.  მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე აღსრულდება”, – განაცხადა მელიამ.

ირაკლი მელიას თქმით, იგი ელოდა ხელისუფლების მხრიდან მსგავს გადაწყვეტილებას, საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაქციის პარალერულად. ამ მხრივ მისთვის განსაკუთრებით აღსანიშნავი სენატორ რიშის განცხადება იყო, რომელმაც ხელისუფლებას პირდაპირ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.

„ამ ქვეყანაში ყველა დავრწმუნდით, რომ ვერავინ შეაქცევს ზურგს ცივილიზებულ სამყაროს. მე ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადაადგმევინა საერთაშორისო საზოგადოებამ, ოპოზიციური პარტიების ერთობამ და ხალხის ნებამ, რითაც თავადვე დარჩებიან მოგებული”,- განაცხადა მელიამ.


დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ მან განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.