დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთში ვადამდელი არჩვენები გამჭვირვალედ ჩატარდება - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება.

„სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება და სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ერთი მხრივ, COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მეორე მხრივ, ომმა ყარაბაღში, მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. მისივე თქმით, მშვიდობას, მოლაპარაკებებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.  მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე  განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.