დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით - კალაძე უნებართვო მშენებლობებზე

პუბლიკა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონების მიტაცება და მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ამას თბილისის მერია არ დაუშვებს.

„18 დეკემბერს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ლოკაცია აღმოაჩინეს სამგორის რაიონში, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება. ჩვენი, თბილისის მთავრობის ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონება დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით.  ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის იმ ოჯახების, იმ ადამიანების, ვისაც მართლა უჭირს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი გათვალისწინებულია იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.

„მომავალ წელს 350 მილიონი გამოიყოფა ამ მიმართულებით და როდესაც მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტზე, პირველი, რასაც ვაკეთებ, არის იმ პროგრამებისა და ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც მიმართულია  ამ ადამაინების დასახმარებლად, მაგრამ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია., ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ დავუშვებტ იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება კერძო საკუთრებაში ვიღაცამ  განათავსოს ამდაგვარი შენობა-ნაგებობა და თქვას, რომ ეს არის მისი საცხოვრებელი ადგილი. ეს დამოკიდებულება მიუღებელია და  ამას ვერ დავუშვებთ. ადამიანს თუ უჭირს, ეს ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას ან უნებართვო მშენებლობას“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ დღეს ისევ აღნიშნა, რომ ბევრ მათგანს სხვადასხვა ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში, არაერთი საცხოვრებელი სახლი გააჩნია.

„დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს. უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტიც, რომ ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი.  კიდევ ერთელ ვიმეორებ, ჩვენ არავისთან მიმართებაში უკან დახევას არ ვაპირებთ და ყველა უკანონობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

რადგანაც კონკრეტული მედიასაშუალებები ინფორმაციას არასწორად აშუქებენ და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ერთ რამეს –  რა  თქმა უნდა, არიან ოჯახები, ვისაც მართლა უჭირს, სოციალურად დაუცველები არიან. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, გამგეობები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა მოვახდინოთ“, – განაცხადა კალაძემ.


თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული 7 ნაგებობის დემონტაჟი 18 დეკემბერს დააანონსა და  მესაკუთრეებს 4 დღე მისცა საიმისოდ, რომ თავად დაეშალათ ნაგებობები. მერიის განცხადებით, ამ შეტყობინების შემდეგ მათ გამოეხმაურა 3 პირი, რომელთაც გამოთქვეს მზაობა, თავად მოახდინონ დემონტაჟი, 4 შენობა კი ინსპექციამ დაანგრია. როგორც მერიაში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ ეს შენობები იყო დაუსრულებელი და გაფრთხილების მიცემის დროს მასში არავინ ცხოვრობდა.

„ამ გაფრთხილების შემდეგ, როგორც ჩანს, ადამიანებმა ჩათვალეს, რომ თუ იქ დაიდებდნენ ბინას, შეძლებდნენ მიწის მისაკუთრებას. როგორც ჩანს, თუმცა ეს უკვე მოკვლევის საგანია”, – ამბობენ მერიაში.