„შინ ვიყავით, გვეძინა. გამოგვყარეს და დაგვინგრიეს სახლი“ | სამგორის რაიონში ნაგებობები დღესაც დაანგრიეს

პუბლიკა

„გათენებული არ იყო, შვიდის ნახევარი ან უფრო ადრე იყო. შინ ვიყავით, გვეძინა. გამოგვყარეს და დაგვინგრიეს სახლი. ორნი ვიყავით ბინაში. რაღაცების გამოტანა მოვასწარით და დანარჩენი ყველაფერი დალეწეს“, – ჰყვება აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი „რადიო თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში.

კადრებში ჩანს, რომ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული 7 ნაგებობის დემონტაჟი 18 დეკემბერს დააანონსა და მათ მესაკუთრეებს 4 დღე მისცა იმისთვის, რომ თავად დაეშალათ ნაგებობები.


მერიის განცხადებით, ამ შეტყობინების შემდეგ მათ გამოეხმაურა 3 პირი, რომელთაც გამოთქვეს მზაობა, თავად მოახდინონ დემონტაჟი, 4 შენობა კი ინსპექციამ დაანგრია.

როგორც მერიაში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ ეს შენობები იყო დაუსრულებელი და გაფრთხილების მიცემის დროს მასში არავინ ცხოვრობდა.

„ამ გაფრთხილების შემდეგ, როგორც ჩანს, ადამიანებმა ჩათვალეს, რომ თუ იქ დაიდებდნენ ბინას, შეძლებდნენ მიწის მისაკუთრებას. როგორც ჩანს, თუმცა ეს უკვე მოკვლევის საგანია”, – ამბობენ მერიაში.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გაამკაცრებს რეიდებს და ყოველ მსგავს სამართალდარღვევაზე გვექნება მკაცრი რეაგირება”, – აღნიშნავდა ინსპექცია 21 დეკემბერს.