დაუშვებელია ჟურნალისტად განიხილო ის, ვინც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ Facebook-გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ  სანამ მედიის წარმომადგენლები არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, ხელისუფლებისგანაც შესაბამის პასუხს მიიღებენ.

„1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.

2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.

3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით: მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს – შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“, – წერს მდინარაძე Facebook-ზე.


დღეს მედიის ნაწილი ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. მოგვიანებით პრესსამსახურმა განმარტა, რომ „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“.

„პუბლიკა“ მიიჩნევს, რომ მედიის დაყოფა დაუშვებელია და ნებისმიერ ჟურნალისტს უნდა მიეცეს სამთავრობო ღონისძიებაზე დასწრების და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის კითხვის დასმის საშუალება.