დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებისთვის პარლამენტის წევრთა 90 ხმა იქნება საჭირო | პროექტი

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ავტორობით საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა რეგლამენტის პროექტი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის დეპუტატის დაკავება-დაპატიმრებაზე, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე პარლამენტის მიერ თანხმობის გაცემის კვორუმი იზრდება.

რეგლამენტის არსებული ვარიანტით, სადეპუტატო მანდატის მოხსნა შესაძლებელია ხმათა უბრალო უმრავლესობით (76 ხმით).

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად მიიჩნევა, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედი (90 ხმა). 


კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად დაინიცირდა და მისი მიზანი პოლარიზაციის შემცირებაა.

რეგლამენტში ცვლილების შეტანის აუცილებლობა განმარტებულია იმით, რომ თავიდან უნდა იყოს არიდებული პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის გადაჭარბებული პოლიტიზება.

შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად: „პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“.

კანონპროექტი ბიუროზე 14 ივნისს დარეგისტრირდა. ინიციატორმა მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.