დეზინფორმაციის შედეგები – ალკოჰოლის ინტოქსიკაციით ირანში 44-მდე ადამიანი დაიღუპა

ირანული მედიის ცნობით, მინიმუმ, 44 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით უკანონოდ შესყიდული ალკოჰოლის მოხმარების შედეგად, ასობით პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ირანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზიანდა. ოთხშაბათის მონაცემებით, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 8 042 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსის შედეგად გარდაცვალების კი – 291. ხელისუფლებას უჭირს ვირუსის შესაჩერებლად ეფექტიანი ზომების მიღება.

ამის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ალკოჰოლის მიღება ადამიანებს ინფიცირებისგან იცავს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარება აკრძალულია.

შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, რამდენიმე მოქალაქემ სამედიცინო სპირტით შეზავებული ალკოჰოლური სასმელი მიიღო. სამართალდამცავმა ორგანოებმა 7 კონტრაბანდისტი დააკავეს, რომლებიც ალკოჰოლს არალეგალურად ყიდდნენ.

ქვეყნის ერთ-ერთ მხარეში, ხუზისტანის ოსტანში, ალკოჰოლის ინტოქსიკაციისგან უფრო მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ვიდრე თავად კორონავირუსისგან. სახელმწიფო სააგენტო Irna-ს ცნობით, ამ მხარეში 30 ადამიანია ინტოქსიკაციისგან გარდაცვლილი, მაშინ როდესაც კორონავირუსისგან მხოლოდ 18 ადამიანი გარდაიცვალა.

შეცდომაში შემყვანი მოწოდებები კორონავირუსის წინააღმდეგ თავდაცვის სხვადასხვა ხერხზე ხშირად გვესმის საქართველოშიც.

„ღვინო, რომელიც სისხლად გარდაიქმნება ბარძიმში, რითაც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი, ბაქტერიებისგან არის თავისუფალი“, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.