დღემდე პასუხი არ მაქვს, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები - სუბარი 20 ივნისზე

პუბლიკა

„ეს იყო შტურმი, ორი აზრი არ არსებობს, რაც შეეხება იყო თუ არა სწორად დაგეგმილი ოპერაცია, მე დღემდე პასუხი არ მაქვს და არც საზოგადოებას, მაგალითად, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა ნაკლები ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ეს უფრო სპეციალისტების შეფასებად დავტოვოთ. მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ გაზთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები რომ ყოფილიყო გამოყენებული, შეიძლება თავიდან აგვეცილებინა მძიმე დაზიანებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს, თუმცა, ეს ბუნებრივია, არანაირად არ ამართლებს შტურმის განზრახვას და პოლიციელებზე თავდასხმებს“,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან, 20 ივნისთან დაკავშირებით განაცხადა.

 „მთელი საქართველო უყურებდა პირდაპირ ეთერში და ბევრიც იქ იყო და შეუძლებელია ამის სხვანაირად შეფასება, ეს იყო შტურმი პარლამენტზე, თავდასხმა კანონის დამცველებზე, ყველანი ვუყურებდით პირდაპირ ეთერში, როგორ სცემდნენ პოლიციელებს სხვდასხვა საგნებით, როგორ პირდაპირ იტაცებდნენ მათ რიგებიდან და როგორც იყო მცდელობა შეჭრილიყვნენ პარლამენტში. შტურმი იყო ნამდვილად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არ იყო, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხებია, მაგრამ ამ შტურმს ჰყავდა თავის ორგანიზატორები და შემსრულებლები. დღეს უბრალოდ, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაც ეს არის და სიტყვა-სიტყვითაც ეს წერია, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია პროცესის მონაწილე ყველა მხარეზე, როგორც შტურმის მონაწილეებზე და მათზე, ვინც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ისე იმ პოლიციელებზე, რომლებმაც გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას და ზოგ შემთხვევაში შეიძლება მართლა პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. ეს არ შეეხება სხეულის მძიმე დაზიანებას და კონვენციურ დანაშაულებს, როგორიცაა წამება ან წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას. ეს ფურცელი უნდა გადავფუცლოთ- ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება“,- განაცხადა სუბარმა.