დღეს დადასტურებულ ხუთივე ინფიცირებულს მსუბუქი სიმპტომები აქვთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული ხუთივე შემთხვევაში პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ადამიანების ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ყველაფერი გამოკვლეულია. მიმდინარეობს ამ ადამიანების გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არის მსუბუქი სიმპტომები და მათი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

5 დამატებითი შემთხვევა ისევ და ისევ იტალიას უკავშირდება, მე არ ჩავუღმავდები დანარჩენ პერსონალურ დეტალებს.

30-დან 2 არის ირანში მოგზაურობის ისტორია, 1 ესპანეთში, დარაჩენი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას, აქედან 12 – მოგზაურობას იტალიაში, 10 მათთან  კონტაქტს, ხოლო დანარჩენი შეიძლება უკვე ითქვას, რომ უკვე გვაქვს, ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 54  ადამიანი გადის.