დღეს დავაყენებთ საკითხს მოლაპარაკების გასაჯაროების შესახებ - ბაქრაძე

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროების საკითხს დღევანდელ შეხვედრაზე დააყენებენ. მან ამის შესახებ ფასილიტატორების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დაწყების წინ განაცხადა.

„ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებულნი ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რაზე მიდის საუბარი, ვინ რაზე თანხმდება და რაზე მიდის საუბარი. იმიტომ, რომ ეს გახლავთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეთანხება. ამდენი ხანი ეს არ ხდებოდა ჩვენი მეგობრების ჩვენი პარტნიორების პოზიციის გათვალისწინებით, მაგრამ ვფიქრობ, მივედით იმ წერტილამდე, როცა ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს. ამიტომ პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ამ საკითხს დავაყენებთ მოლაპარაკებაზე და დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ უკვე დეტალურად მოგახსენებთ ვინ რაზე საუბრობს“, – განაცხადა დავით ბაქარაძემ.


საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს, გაიმართა.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.