„დღეს ეს საკითხი მსჯელობის საგანი არაა" - ოხანაშვილი ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაზე

პუბლიკა

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება იმ მიმართულებით, რაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება, არ განიხილება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ეს დღეს ჩვენი გუნდის ფარგლებში მსჯელობის საგანი არ არის. თეორიულად, შესაძლებელია ნებისმიერი წესი შეიცვალოს და თეორიულად შესაძლებელია, საკანონმდებლო ორგანომ მის ფარგლებში იმსჯელოს. თეორიულად შესაძლებელია, ოდესღაც ვიმსჯელოთ, დღეს ეს საკითხი არ განიხილება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

გუშინ, 9 აგვისტოს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა. ზოგადად მიმაჩნია, რომ ეს 2/3 თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევანის პრინციპს.

ამ საკითხს დღეს ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და აღნიშნა, რომ:

„ეს განცხადება არის საგანგაშო. ისინი მზად არიან შეცვალონ ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია და მოიცავს თავმჯდომარის ხმებით დანიშვნას. მმართველი ძალის ინტერესშია არა საარჩევნო რეფორმა, როგორც ამას ევროკავშირის რეკომენდაციები გვეუბნება, არამედ არჩევნების ოლიგარქიული სისტემის ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად გამოყენება”, – აღნიშნა დეკანოიძემ.


ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის  2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. 2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული კი – 6 თვის ვადით.

ცესკოს დაკომპლექტების არსებული მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.

LB loan image desktop LB loan image mobile