„დღეს შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაცია იწყება“ | ოპოზიციის განცხადება პლენარული სხდომის წინ

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მივიდა. ისინი, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას.

სხდომის დაწყებამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნასთან ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი შარლ მიშელის თანამონაწილეობით შემდგარი შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით.

მისი თქმით, ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, უნდა აღუდგეს ქართველ ხალხს უფლება, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების გზით და ხელმოწერილი შეთანხმება არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, შეთანხმების როგორც ყველა პუნქტი, ასევე სულისკვეთება არ დაირღვევა ხელისუფლების მხრიდან. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კონკრეტულად დღეს ჩვენ უკვე ვნახავთ ერთი პოლიტპატიმრის, რურუას გათავისუფლებას და უახლოეს დღეებში ვნახავთ გათავისუფლებულ მელიას, რაც შესაძლებელობას მისცემს სრულ ოპოზიციურ სპექტრს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ჩვენი პირველი დღე დასრულდება ერთი ადამიანის გათვისუფლებით საპატიმროდან და ჩვენ დღეიდან დავიწყებთ ასევე ზრუნვას იმაზე რომ მეორე ადამიანი საპატიმროდან გათავისუფლდეს“, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის მიზანია შეთანხმების სრული იმპლემენტაცია და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების განხორციელება.

„ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტს მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია, ასევე იმდაგავარად ჩატარება ადგილობრივი არჩევნების, რომ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს, ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია რომ ყველა პუნქტი, რაც არის გათვალსიწინებული პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში სრულფასოვნად განხორციელდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავგდით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ ჯერ პოლიტიკური კრიზისი არ არის დასრულებული ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა ყველა ის კანონი, რაც მისაღებია, იქნება მიღებული და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, ამ რეფერენდუმით საქართველოს მოქალაქეები შეთანხმების შესაბამისად გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური თუ არა, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები და უნდა შეიცვალოს თუ არა ხელსიუფლება ქვეყანაში, ამ რეფერენდუმზე თითოეული მოქალაქე მოვა და ის საკუთარი ხმით გადაწყვეტს მას უნდა ახალი თაობის განვითარება ქვეყააში თუ იმ ჭაობში ყოფნა, როემლშიც დღეს ჩვენ ვართ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.