დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა 9 აპრილს აჩვენა - გახარია

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, Facebook-ის საკუთარ გვერდზე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის წერს, ქვეყანას დღესაც სჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც მან არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა.

„უკვე 32 წელია ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს. გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა.

გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას.

დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა,”-წერს ის.

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით მოქალაქე გაზით მოიწამლა.

ორი წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.