დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა | პრეზიდენტი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის სიტყვების დრო დასრულდა და დაიწყო საქმის დრო.

„დღეს დილიდან ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დინამიკა რომელიც დაიწყო გუშინ, გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ დღეებში გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს არის უკვე ყველას გამარჯვება.

ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, არის თქვენი და თქვენი წარმომადგელის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით მიღწეული და ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. პირველ რიგში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ ეს საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი, ვიტყოდი გადაღლილი, დაძაბული,  ამ პოლარიზაცით, დაპირისპირებითა და ამ გაუთავებელი არეულობით, თუნდაც შეურაცხყოფილი, რადგან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ყველამ ვიცით იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. ამიტომ დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც ფიქრობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე.

პოლიტიკურმა შეთანხმებამ უკვე გამოიღო შედეგი და ეს არის ინტიტუტების გაძლიერება, პირველ რიგში, პარალმენტის გაძლიერება, რადგან დღევადელი დღიდან იქნება მრავალპარტიული პარლამენტი. ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინტიტუტი, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობისა და სახელმწიფოს სახე საერთაშორისო სივრცეში. ამიტომ ის ფაქტი, რომ აქ შეიკრიბა ოპოზიცია უბრუნებს პრეზიდენტს თავის როლს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პროგრამითაა გათვალისწინებული, ასევე, დაგეგმილია შარლ მიშელის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ის  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში.

დღის დასასრულს დაგეგმილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სადილი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ხვალ დატოვებს.