„დიდი პატივია ჩვენი მოწვევა დღეს აქ“ - ვინ მიიწვია NGO-ები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე

პუბლიკა

დღეს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ეკონომიკური მიმართულებებზე მინისტრობის 4 კანდიდატს და სამთავრობო პროგრამას.

სხდომას „ოცნების“დეპუტატებთან ერთად პარლამენტის ყოფილი წევრი ლაშა ნაცვლიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

სხდომის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, არასამთავრობო სექტორიდან სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი კაპანაძე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“; ნინო ჩხობაძე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“; დავით ხოსრუაშვილი „თვითმმართველობის ერთეულთა ფინანსისტთა ასოციაცია“; ლიზა სოფრომაძე „რეგიონული განვითარების“  გამგეობის თავმჯდომარე; ბექა გონაშვილი „ფერმერთა ასოციაციის“ წარმომადგენელი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ორმა წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას კომიტეტის თავჯდომარეს სხდომაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნეს, რომ სხდომაზე  მიწვევის ამ პრეცედენტს იწონებენ.

„მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მეც გავაგრძელებ დეცენტრალიზაციის თემას.“ – განაცხადა ლიზა სოფრომაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

„მოგესალმებით, დიდი პატივია ჩვენი მოწვევა დღეს აქ. სხვათა შორის ადრე არ ყოფილა ასეთი რამ. მე წარმოვადგენ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და ეროვნულ აკადემიას“.  – განაცხადა სხდომაზე ერთ-ერთმა დამსწრემ.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიწვიეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

პარლამენტის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ  კომიტეტების სხდომაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიწვიეს. მისი თქმით, ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც დარგობრივად სხვადასხვა თემაზე თანამშრომლობენ კომიტეტებთან.

პარლამენტის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მიწვეული ორგანიზაციებისა და პირების სია ვერ მოგვაწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ სხდომა ღია იყო და იქ დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

„პუბლიკამ“ გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ჰკითხა, მიიღეს თუ არა მიწვევა სხდომაზე დასასწრებად. ორგანიზაციის თქმით, მათ მსგავსი მიწვევა არ მიუღიათ.