დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები გახდა, თუ კომპანიას მუშაობა სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, დამტკიცდა ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც შესაბამისი პირობებით არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

დოკუმენტის მიხედვით, დაშვებულია საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

ასევე, ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).

„დაშვებული  ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა), -” ნათქვამია დადგენილებაში.

დადგენილების დანართის მიხედვით, დაშვებულია ვაჭრობა დისტანციურად  ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებითა და ნაწილებით.