ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ფორმატს ეჭვქვეშ დააყენებს, საქართველოსთვის სრულიად მიუღებელია.

„ჟენევა ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფორმატი, რადგან ის არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი. ყველაფერი, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში, მაშინ როდესაც საოკუპაციო ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა ჩაკეტილია და ადამიანებს სამედიცინო დახმარების მიღების ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მიღმა, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამის საშუალება არ გვეძლევა. ამიტომ, ჟენევის მოლაპარაკებების, განსაკუთრებით ასეთ დროს ჩაშლა სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების ჩაშლაზე საქართველოს განცხადებას პოლიტიზებულს უწოდებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტირუსული კარტის გათამაშების მცდელობებზე უარს არ ამბობს და ცხადია, რომ ეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროექცია ხდება.

მარია ზახაროვას განცხადებით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვაზე თავი შეიკავა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა პანდემიით გამოწვეული სერიოზული შეზღუდვებისა და ლოგისტიკური პრობლემების გათვალისწინებით.

ზახაროვა ასევე ამბობს, რომ ალტერნატივის სახით, მოსკოვი გადადებული რაუნდის ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რაც შეუსაბამოა თანათავმჯდომარეებისთვის.

„რუსულ მხარეს არასდროს უთქვამს უარი საქართველოსთან დიალოგზე, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში. „კოვიდ 19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს. მიმდინარე წლის აპრილიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუდენკომ ჩაატარა ხუთი ვიდეოკონფერენცია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთო-დან. ბოლო შეხვედრა 28 სექტემბერს შედგა“, – აცხადებს ზახაროვა.

ზახაროვას განცხადების თარგმანს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელიც გამოეხმაურა ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლას. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. გიგი წერეთლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, რომ მუშაობა არ იყოს კონსტრუქციული.

„რუსეთი ჯიუტად აგრძელებს თავის სტრატეგიას, რომ არ შედგეს მოლაპარაკება და არ აღიაროს ამ კონფლიქტში თავისი როლი, არ მოაწეროს ხელი ძალის გამოუყენებლობას, არ შეუწყოს ხელი დევნილების დაბრუნებას და ეს მცდელობები სახეზეა. კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკება იმის გამო, რომ რუსეთი არ გამოცხადდა საერთოდ და ყველა მიზეზს პოულობს იმისათვის, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯი არ იყოს გადადგმული“, – განაცხადა წერეთელმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლა „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას დაუკავშირა.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ „ქართული ოცნების” პირობებში, მთლიანად მოშლილია ჩვენს საგარეო ასპარეზზე აქტიური მუშაობა და რუსეთი ბედავს ისეთ ნაბიჯების გადადგმას, რომ საერთოდ ჩაშალოს და მოლაპარაკებებიც კი არ შედგეს. მთავარი კითხვა უნდა დავსვათ – რამ მიგვიყვანა აქამდე? აქამდე მიგვიყვანა სწორედ „დამსხვრეული ოცნებების პარტიის” არასწორმა ქმედებებმა საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა მან.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის ჩატარება დაგეგმილი და შეთანხმებული იყო მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს.

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ვერჩატარების მიზეზად, თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია ის, რომ დისკუსიაზე დასწრება ყველა მონაწილემ ვერ შეძლო. მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩასატარებლად 2020 წლის დეკემბერი განისაზღვრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო.

„მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – აცხადებს საგარეო.