ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გიორგი გაბუნიას კომენტარს არმენოფობიურს უწოდებს

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” შეფასებით, 2020 წლის 5 აპრილს ტელეკომპანია „მთავარზე” გადაცემა „Postfactum”-ში წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადება არმენოფობიულია და „წაახალისებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას”.

ქარტიის განცხადება საავტორო გადაცემაში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხება. „Postfactum”-ის 5 აპრილის გადაცემა კორონავირუსული ინფექციის მიმართ ჰაპლოჯგუფების რეზისტენტულობას შეეხებოდა; ასევე,  მოსაზრებას, რომ შესაძლოა ქართული გენომის მატარებელი ადამიანები ვირუსის მიმართ უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ. ხსენებულს გიორგი გაბუნიას აღნიშნული კომენტარი მოჰყვა:

„უცხოელი მეცნიერები რას ფიქრობენ გავიგეთ, მათი ქართველი კოლეგების მოსაზრებებიც ხომ გაგაცანით, ახლა მე ველოდები სომეხი მეცნიერების დასკვნას. ძალიან მაინტერესებს ჩვენი მეზობლები რომელ გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. დარწმუნებული ვარ აღმოჩნდება, რომ მათი დნმ-ი ქართველებისაზე, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და კორონავირუსს პირდაპირ ანადგურებს, ვაქცინა და მედიკამენტიც კი არ სჭირდება”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„მიგვაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, მედიასაშუალებებმა კი არ შეუწყონ ხელი  არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას”, – წერს ქარტია.