დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერენ ხელს სამადაშვილი და ბაქრაძე - ბოკუჩავა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს არ მოაწერს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, მაგრამ ხელს მოაწერენ სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დოკუმენტზე არ იქნება ენმ-ის ხელმოწერა, ისევე როგორც „ევროპული საქართველოსი“, თუმცაღა, თუ არ ვცდები, იქნება გარკვეული ინდივიდუალური ხელმოწერებიც მათ შორის. სავარაუდოდ, ქალბატონი სალომე [სამადაშვილი] და დავით ბაქრაძე“, – განაცხადა მან.

თინა ბოკუჩავამ იმედი გამოთქვა, საბოლოოდ შეთანხმება ისეთი იქნება, განსაკუთრებით, აღსრულების ნაწილში, რომ მისი პარტია შეძლებს, შუერთდეს შეთანხმებას.


ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე შეხვედრამ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლა.

არსებული ინფორმაციით, ათონელის რეზიდენციაში გაიმართება დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი.

პოზიციების საჯაროდ დაფიქსირების და მსჯელობის შემდეგ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში საბოლოო გადაწყვეტილების გასაცნობად შეიკრიბნენ. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, რომელი პარტია მოაწერს ხელს ევროკავშირის დოკუმენტს და დაიწყებს საკანონმდებლო საქმიანობას.