დროა, უკრაინამ და საქართველომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების გეგმაზე კონკრეტული წინადადებები მიიღონ - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას.

პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ დროა, უკრაინამ და საქართველომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების გეგმაზე კონკრეტული წინადადებები მიიღონ.

„მე ვეთანხმები ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ კონკრეტული წინადადებები მიიღონ NATO-ს მიერ MAP-ის მინიჭებასა და ევროკავშირში შესვლის გეგმასთან დაკავშირებით. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.


დონბასში, კონფლიქტის ზონაში უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახულია რუსული ჯავშანტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. დონბასში საკონტაქტო ხაზზე გახშირდა სროლა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც როგორც უკრაინელ, ისე სეპარატისტ და რუს სამხედროებს შორის.

რუსეთი ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში სამხედრო გააქტიურებას „დასავლეთი 2021-ის“ დაგეგმილი სამხედრო სწავლებით ხსნის. თუმცა უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება.