ძალადობასა და სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული დეპუტატის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო

პუბლიკა

ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში  ბრალდებული  თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის და დაზარალებული თამთა თოდაძის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო.

მხარეებმა დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. მომდევნო სასამართლო სხდომები კი იანვარში გაიმართება. დღევანდელ სხდომას ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ესწრებოდა.


თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).

ბრალდებულ ილია ჯიშკარიან აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.