ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამეორება.

„რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება მორიგი ნაბიჯია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა.