ენმ-ის წევრები ნიკა მელიას ციხეში შეხვდნენ

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აკაკი მინაშვილი და კობა ნაყოფია, ნიკა მელიასთან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. როგორც პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ისინი მელიას გათავისუფლებისთვის მისაღებ ფორმაზე კონსულტაციისთვის შეხვდნენ.

„არაფერი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. მოვინახულეთ ჩვეულებრივად, კარგად გრძნობს თავს. ძალიან მხნედ არის. ბრძოლის ჟინით არის აღსავსე. გირაოს ნიკა მელია არასდროს არ გადაიხდის. ნიკა მელია [შეთანხმების დოკუმენტს] მოაწერს ხელს თუ არ მოაწერს, ეს დამოკიდებულია იმაზე, გამოვა თუ არა ის ციხიდან. საპყრობილიდან თუ გამოვა, მერე გაივლის კონსულტანციებს – ეს შემდეგი ნაბიჯი იქნება. ნიკა მელიამ საპყრობილე უნდა დატოვოს ყოველგვარი პირობების გარეშე“, – აღნიშნა ნაყოფიამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ.

თინა ბოკუჩავა კი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს ენმ-ის წევრებმაც, თუმცა, ბოკუჩავას თქმითვე, „ეს უნდა მოხდეს იმ პრინციპული პოზიციების დაცვით, რაც პარტიას აქამდე ჰქონდა“.

„ჩემი კოლეგები საათზე მეტია შესულები არიან ენმ-ის თავმჯდომარესთან იმისთვის, რომ მასთან გაიარონ კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ენმ-სთვის მისაღები ფორმა მისი გათავისუფლების საკითხის ირგვლივ უმთავრესად, რა თმა უნდა, იმისთვის, რომ პარტიისთვის შესძლებელი გახდეს ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც თავისთავად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ მასზე ხელმოწერები იყოს, მათ შორის, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ პრინციპული პოზიციების დაცვით, რაც ჩვენ აქამდე გვქონდა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.