ენმ რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში შუალედურ არჩევნებზე პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. ასევე ვიაზრებთ იმასაც, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება. ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის და დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერის მოწოდებით წერილი გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმაც.

„ბადრი ჯაფარიძეს დაჩქარებულად მოუხსნეს დეპუტატის სტატუსი, ვინაიდან ის იყო ის 50-ე და გადამწყვეტი ხმა, რომელიც საჭირო იყო ჩემი წამების კომისიის შესაქმნელად.
ამიტომ, მე მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მაგრამ ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ბევრად მაღლა დგას ყველა ნამდვილი ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის იდეა, “- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.