ეპისკოპოსი საბა სინოდზე - ალბათ კარგად ვერ იაზრებენ საშიშროებას, რის წინაშეც ვართ

პუბლიკა

„სამწუხაროდ ჩანს, რომ კარგად ვერ იაზრებენ იმ საშიშროებას, რის წინაშეც შეიძლება, აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა“, – თქვა ჩრდილო ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბამ სინოდის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიებში წირვა ჩვეულებრივ გაგრძელდეს.

ეპისკოპოსმა მაგალითად აშშ-ში ინფიცირების რაოდენობის სწრაფად ზრდა მოიყვანა და განაცხადა, რომ საჭიროა, ექიმებისა და მთავრობის შემუშავებული რეგულაციები ყველამ გაითვალისწინოს.

„არავინ არის დაზღვეული ამ ვირუსისგან – არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც ურწმუნო, არც მორწმუნე. ვირუსმა არ იცის ეს. ჩვენ დაავადების დროს უნდა გავითვალისწინოთ ეს რეგულაციები.

რატომ ვსვამთ ზამთრის პერიოდში, როცა სხვადასხვა ვირუსია, ხან ვიტამინს, ასევე, ვითვალისწინებთ ექიმის მოთხოვნებს და რატომ გახდა ასე მიუღებელი, რომ დღეს დგას ყველაზე დიდი საშიშროება. ეს არ არის ყოველდღიური მოვლენა, რაც დღეს ხდება“, – თქვა ეპისკოპოსმა საბამ „ფორმულას“ ეთერში.

ეპისკოპოსის თქმით, წირვის შეწყვეტა აუცილებელი არაა, მაგრამ მრევლს საშუალება აქვს, თვალი მიადევნოს მის ტრანსლაციას და სახლში დარჩენას ესეც უწყობს ხელს.

„წირვა-ლოცვა არც ჩვენ შეგვიწყვეტია, უფრო მეტად გავაძლიერეთ ლოცვა. ახლა ყოველდღე გვაქვს მსახურება, მაგრამ მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირები და მადლობა ღმერთს, დღეს თანამედროვე ტექნიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვქონდეს ლაივი და მსახურება პირდაპირ ეთერში გადაეცეს. მრევლი გარკვეულწილად ამით ვანუგეშოთ და ჩაერთოს ლოცვაში, ხოლო ზიარებისთვის ჩვენ მივალთ სპეციალური აღჭურვილობით, როგორიც იქნება ექიმების რჩევა და სახლებში ვაზიარებთ, შევუსრულებთ სხვადასხვა ლოცვას.

აი, მაგალითად, არ მინდა პანიკა შეიქმნას, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა ეს ვირუსი. ამიტომაც შევზღუდეთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ეს ვირუსი, ვინ იქნება ჩვენს რიგებში, ვისაც ის შეხვდება. შეიძლება მეც ვარ ან სხვაა. ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ და ამიტომ დღეს ყველაზე მთავარი მოწოდებაა – დარჩით სახლში. სახლებიდან ვილოცოთ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

ჩრდილო ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის თქმით, რომელიც თავადაც სინოდის წევრია, არ სურს, მისი პოზიცია სინოდთან დაპირისპირებად აღიქვან, თუმცა, თუკი თავიდან სხვადასხვა ეპარქიაში ეკლესიები თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას, დღეს არსებობს სახელმწიფოს ერთიანი რეგულაციები და საჭიროა მისი დაცვა.