ექსპერიმენტსაც ჩავატარებთ, თუ დანაშაულს ჩავდივართ კანონით გვაგებინეთ პასუხი - გრიგოლია შსს-ს პასუხობს

ინგა გრიგოლია გადაცემა „რეაქციაში” შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. განცხადება შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს ნინო გიორგობიანს საკუთარ Facebook გვერდზე ჰქონდა გაზიარებული.

„ჩემო ნინო, ძალიან უხერხული სტატუსია. ძალიან სირცხვილია მედიის დადანაშაულება ამაში, რომ თურმე ამ დროს შეიძლება სხვას რეალურად სჭირდებოდეს დახმარება და ჩვენ მოვაცდინეთ. მაშინ გეტყვი, იცით რატომ ვატარებთ ამდაგვარ ექსპერიმენტს? იმიტომ, რომ არ გვჯერა ძალიან ბევრ ადამიანს, რომ ავთენტიკური არის ის ზარი, რომელიც გაასაჯაროვა თქვენმა სტრუქტურამ.

ასევე, ნინო, შენ ხარ ჟურნალისტი და ყოფილი ჟურნალისტისგან ძალიან უხერხულია ამდაგვარი თავდასხმა ტელევიზიაზე, ხოლო რამდენი კითხვები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ამის მიხედვით ექსპერიმენტსაც ჩავატარებთ და თუ რაიმე დანაშაულს ჩავდივართ, კანონით გვაგებინეთ პასუხი”, – განაცხადა გრიგოლიამ.

საქმე ეხება შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ტვ პირველის” ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული ექსპერიმენტის ფარგლებში 112-ში ცრუ შეტყობინება გააგზავნა.

„ნინო, ოცნება ყოველთვის არ იქნება და არც შენ იქნები ყოველთვის იმ თანამდებობაზე, ამიტომ ჟურნალისტებზე თავდასხმას იქნებ შეეშვა და პასუხები გაგვცეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ კითხვებზე, რაც გვაქვს”,- განაცხადა გრიგოლიამ.