ეროვნული ბიბლიოთეკა ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას – კეკელიძე

პუბლიკა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას.

როგორც გიორგი კეკელიძე წერს, სამკითხველოები, შესაბამისი წესებით, ივლისიდან ამუშავდება. ღონისძიებები, საგანგებო გამონაკლისების გარდა, კი სექტემბრიდან განახლდება.

„მაისის მიწურულიდან, გრაფიკის დაცვით, განახლდება წიგნების მიღება, დამუშავება, დიგიტალიზაცია, ციფრული ბაზების შევსება.

პერსონალი, რისკჯგუფების გამოკლებით, ივლის გრაფიკით და დაცული იქნება ყველა სამედიცინო რეკომენდაცია – ბარიერები, დამცავი ფარები, ანტიბაქტერიული სითხეები და სხვა ეკიპირება მომზადებულია. სამუშაო მაგიდები განთავსდება დისტანციის დაცვით. ამ ფორმატით ამუშავდებიან რეგიონული ბიბლიოთეკებიც.

ამავე დროს:

დაიწყება – პირველი კორპუსის საცავის რემონტი. ავლაბრის არალეგალური სტამბის ტერიტორიაზე სტამბის მუზეუმის მოწყობა. პრესის მუზეუმის მოწყობა. ქუთაისის კავკასიური წიგნთსაცავის მრავალსართულიანი მშენებლობის ბოლო სამუშაოების ჩატარება. დასრულდება – ქართული დროშის საკონფერენციო დარბაზი, ემიგრაციის მუზეუმი, წიგნის განახლებული მუზეუმი.

ზაფხულიდან განვაახლებთ სოფლის ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით მომარაგებას და იქვე მოვაწყობთ საინფორმაციო კუთხეებს, სადაც ყველა შესაბამისი სამედიცინო სიახლე იქნება წარმოდგენილი“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.

LB loan image desktop LB loan image mobile