„ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია თვითონ გაუკეთებს შპრიცებს თანამშრომლებს და გაყიდის რა ფასადაც უნდა“ - ხაზარაძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ კორონავირუსის ვაქცინის კომერციალიზაციაზე „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფომ ქართველი ბიზნესმენების კონტაქტები უნდა გამოიყენოს და ვაქცინის შემოტანის პროცესში კერძო და სახელმწიფო სექტორმა ერთობლივი გეგმა უნდა შეიმუშაონ.

 „ბიზნესთან უნდა ყოფილიყო საუბარი, რომ აბა მეგობრებო ვისაც სად შეგიძლიათ, რომ თქვენი კონტაქტებით და ფინანსებით ჩაერთოთ პროცესში. ეს არ ნიშნავს რომ კომპანია იყიდის და თვითონ გაუკეთებს შპრიცებს თანამშრომლებს და გაყიდის რა ფასადაც უნდა. აქ საუბარია იმ კონტაქტების გამოყენებაზე, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს გააჩნიათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად ჩემი მეგობარი ჰარვარდიდან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია, მაგრამ მე რო დავურეკო არასერიოზული იქნება თუ არ იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი გეგმა და არ მიჰყვება ამას მინისტრის, ან პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ან ზარი და როცა ისინი აწარმოებენ 25 მილიონს იქ უნდა უთხრა, რომ ჩვენ 200 ათასი გამოგვიყონ. უკრაინამ 12 მილიონი რომ იყიდა, შენ უნდა დაძმაკაცდე უკრაინასთან და უთხრა ჩვენ კერძო სექტორი ძვირს გადავიხდით ამაში ოღონდ 200 ათასი დაამატე ამას.“ – განაცხადა ხაზარაძემ.

7 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ  „სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა.“