რამდენად საფუძვლიანია ამ ეტაპზე ვაქცინის კომერციალიზაციის მოთხოვნა

სალომე გორგოძე

ბოლო რამდენიმე დღეა  სოციალური ქსელის ერთ-ერთი აქტუალური სადისკუსიო თემა ვაქცინის კომერციალიზაციაა. ერთი მხრივ მსჯელობენ იმაზე, რამდენად რეალურია მსოფლიოში არსებული ვაქცინის დეფიციტის ფონზე კერძო სექტორის ინიციატივის განხორციელება, მეორე მხრივ კი – საუბარია იმ რისკებზე, თუკი კერძო სექტორი ვაქცინას შემოიტანს, ხომ არ გაჩნდება საფრთხე, რომ ვაქცინა, შეხვდება მათ, ვისაც ამის ფინანსური საშუალება აქვს, ყველაზე მოწყვლადი ფენა კი ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს.

ვაქცინის კომერციალიზაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 7 თებერვალს პარტია „ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მთავრობა ეპიდემიასთან არაეფექტიანი ბრძოლის გამო გააკრიტიკა და განაცხადა რომ ვაქცინის კომერციულად შემოტანა ნებადართული უნდა იყოს, – „სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა.“

რა შემთხვევაშია შესაძლებელი კერძო სექტორის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა? უახლოესი თვეების პერსპექტივით, რამდენად რეალურია კერძო სექტორის ინიციატივა, ქვეყანაში შემოიტანოს ვაქცინა? – ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ვაქცინების წარმოება და მიწოდება გაიზრდება, ვაქცინაციის პროცესში გამოიკვეთება კერძო სექტორის როლიც.

დარგის სპეციალისტები „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ კერძო სექტორმა ვაქცინის შემოტანა მოახერხოს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ამ თემაზე მსჯელობა უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში რეალისტური არ არის.

მისი განმარტებით, კანონმდებლობით დაშვებულია, რომ კერძო სექტორმა შეიძინოს,  მაღალხარისხიანი, სანდო მარეგულირებლებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა გადაუდებელი ან სრულფასოვანი გამოყენებისთვის, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაბამის კრიტერიუმებს. როგორც ის ამბობს, დღესაც მათ არანაირი მარეგულირებელი ბარიერი ქვეყანაში ამ მიმართულებით არ შეხვდებათ. აქ პრობლემა ის არის, რომ ამ ეტაპზე ვაქცინის დეფიციტია და მწარმოებლები კომერციულ მყიდველებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

თუმცა, ზოიძის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია არ შეიცვლება მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ათეულობით სხვადასხვა ვაქცინა კლინიკური კვლევების სხვადასხვა ეტაპზეა და საფუძვლიანი იმედიც არსებობს, რომ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში უსაფრთხო და ავტორიზებული ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება.

„ფაიზერმა“, მაგალითად, პირდაპირ თქვა, რომ ამ ეტაპზე საერთოდ არ აპირებს, განიხილოს კომერციული მყიდველები. ამის თქმის მიზეზი არის ეთიკური ნაწილიც. ამ ვაქცინების შექმნაში ჩადებულია უამრავი თანხა სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ.

ზოგადად, ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს ვაქცინას. თუ რამდენად მოიცავს ვაქცინაცია მოსახლეობას, ამაზე დამოკიდებულია ეკონომიკის გახსნა, კომპენსაციებისთვის, დაავადებულთა მკურნალობისთვის  გაღებული დანახარჯების შემცირება და ა.შ. ვაქცინა ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელია და ამიტომ არის ნათქვამი, რომ ის უნდა იყოს მინიმალური ფინანსური ბარიერი ადამიანებისთვის. ვაქცინა იცავს არამხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც აცრას იკეთებს, არამედ ყველას, ვინც ირგვლივაა, საზოგადოებას.

ამ საკითხის ეთიკური ნაწილი სწორედ იმას უკავშირდება, რომ არ შეიქმნას რისკი იმისა, რომ ვაქცინის გარეშე დარჩეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც დაინფიცირების შემდეგ სიკვდილობის ან მძიმე შედეგების ყველაზე მომატებული რისკი აქვს. მაგალითად, სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონეები და ა.შ. პირველ რიგში ეს ადამიანები უნდა დავიცვათ.“

აკაკი ზოიძის შეფასებით, კომერციონალიზაციის არასასურველი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანები, რომლებსაც ფინანსური საშუალება არ აქვთ, ვერ იყიდოს ვაქცინა, მაგრამ მეორე მხრივ – სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად უნდა წახალისდეს კომერციული სექტორის მონაწილეობა ვაქცინის შემოტანის საქმეში. სახელმწიფომ ხელიც კი უნდა შეუწყოს და მერე თუნდაც მათგან იყიდოს ეს შემოტანილი ვაქცინა, თუმცა, მისივე თქმით, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ნაკლებსავარაუდოა მსგავსი რამ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა, ქეთევან ჩხატარაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ ამ მიმართულებით კერძო სექტორის ჩართულობა, სახელმწიფოს მოსახლეობის ვაქცინით მოცვის პროცესს გაუმარტივებდა, თუმცა მსოფლიოში არსებული ვაქცინის დეფიციტის ფონზე დღესდღეობით კერძო სექტორისთვის ვაქცინის შეძენა მარტივი არ არის.

მისი თქმით, კერძო სექტორის მხრიდან ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპზე ერთადერთი რისკი შესაძლოა ახლდეს თან, ე.წ. თაღლითური სქემის არსებობა. უფრო კონკრეტულად კი, ყველა იმ ვაქცინის მწარმოებელი, რომლებიც ლიცენზირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მკაფიოდ აცხადებს, რომ კერძო კომპანიებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

„შესაბამისად, ყველაზე დიდი რისკი, რაც აქ ჩნდება, ეს არის თაღლითური სქემების გაჩენა, ანუ – თუ პირდაპირი მოლაპარაკებები არ არის მწარმოებლებთან, შესაძლოა გაჩნდნენ შუამავლები. ამ დროს კი არ იცი, რას ყიდულობ და რა შემოგაქვს. აუცილებელი გახდება ხარისხის ძალიან მკაცრი კონტროლი.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ როცა მწარმოებელს პირდაპირ არ ელაპარაკებიან, შუამავლისგან შესყიდვის განხორციელება სარისკოა. ჩვენთან ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ ვაქცინების შეძენისა და შემოტანის დიდი გამოცდილება და შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს მათთვის პრობლემა იყოს. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს უნდა განხორციელდეს პირდაპირი მოლაპარაკების გზით და არა შუამავლების გზით, რათა გამოირიცხოს ყველანაირი თაღლითობა“, – ამბობს ის.

გუშინდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხეს შეკითხვას – როგორ ხედავს სახელმწიფო კერძო სექტორის ინიციატივას, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით? ისინი ამბობენ, რომ სახელმიფო „დადებითად უყურებს კერძო სექტორის ვაქცინაციაში ჩართვას“, რაც რამდენიმე თვის შემდეგ მეტად სავარაუდოა, ვიდრე დღეს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ დღესდღეობით ვაქცინის გაყიდვა გლობალურ ბაზარზე მკაცრად რეგულირდება და რამდენიმე კონკრეტული მექანიზმი არსებობს, რომლითაც სახელმწიფოს ვაქცინის მიღება შეუძლია: ერთი მექანიზმი „კოვაქს პლატფორმის “ მეშვეობით ვაქცინის მიღებაა; მეორეა ხელშეკრულებები ქვეყნებსა და მწარმოებლებს შორის; მესამე გზა არის სამმხრივი მოლაპარაკება მწარმოებელს, ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთი წილი ვაქცინა გაგვიზიარონ.

გაბუნია აცხადებს, რომ  ამ მექანიზმებში კომერციული სექტორის, ანუ კერძო სექტორის წილი, პრაქტიკულად, არ იკვეთება. სამომავლოდ კი, როცა ვაქცინის წარმოება და მიწოდებაც უფრო მეტი იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდება  ამ პროცესში კერძო სექტორსაც გარკვეული როლი მიენიჭოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი ფიქრობს, რომ მაისის შემდეგ კერძო სექტორის გააქტიურება ამ მიმართულებით უფრო რეალისტურია. ვინაიდან დღესდღეობით ვაქცინის დეფიციტია, მწარმოებლებმა ვერ დააკმაყოფილეს ევროკავშირის მოთხოვნა, ისევე როგორც „კოვაქსის“ მოთხოვნა.

მისი აზრით, მას შემდეგ რაც მწარმოებლები სახელმწიფოებთან ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ და ვაქცინას მიაწვდიან, მერე რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდება კერძო ინიციატივების განხორციელებაც.

ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებულია 3 ეტაპი, რომლითაც მოხდება თავდაპირველად მაღალი რისკის მქონე ჯგუფების ვაქცინაცია, შემდეგ იმ ადამიანებისა, რომლებსაც მაღალი რისკი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი აცრაც მნიშვნელოვანია.

ვაქცინაციის ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი არის ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც შექმნის იმუნურობის დონის გარანტიას იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად აღდგეს.

პირველ ეტაპზე, როგორც ცნობილია, თებერვლის მეორე ნახევარში „კოვაქსის“ პლატფორმიდან შემოვა Pfizer-ის 29 250 დოზა, რომლითაც მედიცინის დაახლოებით 14 000-მდე მუშაკი აიცრება. დანარჩენ სამედიცინო პერსონალს აცრიან მაშინ, როცა ქვეყანაში შემოვა AstraZeneca-ს ვაქცინა. მედიცინის მუშაკების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 75 000-ია. აქედან ის სამიზნე ჯგუფი, რომელიც წელს უნდა აიცრას, 49 000-ს (60%) შეადგენს.