ეს არის მართლმსაჯულების აბუჩად აგდება - აბესაძე გიგი უგულავას საქმეზე

ვასკა მათითაიშვილი

პარლამენტის წევრი ირაკლი აბესაძე გიგი უგულავასთან დაკავშირებულ საქმეზე აცხადებს, რომ ივანიშვილი მართლმსაჯულებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

„გიგი უგულავას საქმე ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ სრულ ისტერიკას, რომლებიც მართლაც სიგიჟის ზღვარზე მყოფები, კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, მართლმსაჯულების აბუჩად აგდებით აპირებენ გიგი უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ფაქტობრივად მესამედ გაუშვან ციხეში. რაც შეეხება საქმის შინაარსს, მართლაც ღიმილის მომგვრელია, რომ უგულავას ედავებოდნენ ხარჯებზე, რომლებიც ახლა „ქართული ოცნების“ პირობებში გაორმაგებულია“, -აცხადებს აბესაძე.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბიუჯეტის ხარჯზე დღემდე ჰყავს დასაქმებული პარტიული აქტივი და ამაში ასეულობით ათასი ლარი იხარჯება. აბესაძის აზრით, უგულავას საქმე აქტიური ოპონენტების გაჩერების მორიგი მცდელობაა.

„რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აზიანებს თავად ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, ასუსტებს მათ პოზიციებს ქართულ საზოგადოებაშიც, საერთაშორისო ასპარეზზეც და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დააჩქარებს მისი ხელისუფლების ჩამოშლას და დასრულებას ამ ქვეყანაში“, – განაცხადა აბესაძემ.

გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც თბილისის განვითარების ფონდს ეხება, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ ოფისში ელოდება.

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.