„ეს დამოკიდებულება მტრობას ნიშნავს" — „ოცნების" წევრები დავით არახამიას პასუხობენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრები უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით არახამიას კამპანიურად პასუხობენ და აცხადებენ, რომ მისი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებები მტრობას უტოლდება.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, დავით არახამიას სამივე მოთხოვნა, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას შორის „ურთიერთობის ნორმალიზებას” უკავშირდება, სწორედ ამას გამოხატავს.

„რუსეთთან ფრენები რომ აღდგენილია, ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გადაადგილებაში ეხმარება და ასევე, ტურისტების ჩამოსვლას უწყობს ხელს. მათ რომ სანქციების დაწესება, ავიამიმოსვლის შეჩერება და საქართველოს ეკონომიკის განადგურება უნდათ, ახალი არ არის”.

ერთი მოთხოვნა არის ძალიან სპეკულაციური, ძალიან ცუდი და ეხება კრიმინალ სააკაშვილს. მეორე ეხება საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას და მესამე მოთხოვნა არის ბინძური ტყუილი. ამის იქით კომენტარს არ საჭიროებს. არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ მტრულს ნიშნავს”, – თქვა მდინარაძემ.

დავით არახამიამ საქართველოს ხელისუფლებას პროკრემლისტური უწოდა. ამ განცხადებით ის, თავის მხრივ, მთავრობას გამოეხმაურა, რომელმაც „უკრაინის მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე შეშფოთება გამოთქვა”.

საქმე ეხება საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ყოფნას უკრაინის ოფიციალურ დელეგაციაში ევროკავშირსა და გერმანიის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.

„ქართული ოცნება” ამბობს, რომ უკრაინასთან „ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”.

არახამიამ თქვა, რომ თუ საქმე ეხება ურთიერთობის ნორმალიზებას, ამისთვის გეგმა შემდეგია:

  1. „გაათავისუფლეთ ციხიდან და დააბრუნეთ უკრაინაში ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.
  2. შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხი ითხოვს.
  3. შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში”.

მესიჯბოქსი, რომ დავით არახამია კომენტარს არ იმსახურებს, „ქართულ ოცნებაში” საერთოა. თუმცა, ირაკლი კობახიძე მაინც „ვარაუდობს, რომ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს”.

„როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთი განცხადება, ეს ამყარებს ჩვენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა, უკრაინა დღეს არის მძიმე მდგომარეობაში, უკრაინელი ხალხი ომის მდგომარეობაშია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„არახამია და პოლიტიკოსების ის ჯგუფი, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლო და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან, გამოხატავენ ისეთ პოზიციას, რომელიც არც ჩვენი ქვეყნებისა და არც ხალხების მეგობრობას არ შეესაბამება.

ახლა, როცა უკრაინა ძალიან მძიმე ომშია, იცავს თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიებს, ჩვენ არ ვაპირებთ, უფრო მეტად შევიდეთ ამ საკითხში. პირიქით, გამოვხატავთ კიდევ ერთხელ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

„ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან. ამას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს.[…] . საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და სამომავლოდაც შენარჩუნდება. რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, არ მინდა, პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო”, – ამბობს კახა კალაძე.

უკრაინის დელეგაციასთან ერთად ზურაბ ადეიშვილის გერმანიასა და ევროკავშირში ვიზიტს „ქართული ოცნება” რამდენიმე დღეა, კამპანიურად აკრიტიკებს.

ვრცელი განცხადების გარდა, რომელიც მთავრობამ გაავრცელა, მმართველი პარტიის წევრებმა მსგავსი შინაარსის არაერთი განცხადება და კომენტარი გააკეთეს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირს მიმართა წერილით და კანონის უზენაესობის მნიშვნელობა შეახსენა.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადასცა „შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და კონფერენციებში მონაწილეობდა”. ორივე დიპლომატს მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო უწყებაში შეხვდა.

ხოლო გენერალურმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის შესაბამის უწყებებს მიმართა.