EU-ის ელჩი: ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა „ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“.

„ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლი არის ევროკავშირის პოზიციის წარმოჩენა. ეს არის ის, რასაც ვაკეთებ ჩემი ჩამოსვლის პირველი დღიდან და ასე გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, მენდომებოდა შევაქო ხელისუფლება რეფორმებისთვის. მენდომებოდა ვთქვა რაიმე პოზიტიური საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მაგრამ სამწუხაროდ, რაც შეეხება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას, ჩვენ ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ.

არ არის მაღალი დონის ვიზიტები, შევწყვიტეთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარება, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ხელისუფლების მხარდაჭერიდან გადავედით სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაზე, რომელსაც, სხვათა შორის, გართულებულ პირობებში უწევს მუშაობა“, — აცხადებს ჰერჩინსკი.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველოში მგომარეობა უკიდურესად რთულია.

ელჩი აცხადებს 2023 წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ პირობით გადაეცა, რომ განხორციელდებოდა რეფორმები, თუმცა მათი უმეტესობა არ ხორციელდება.

„როგორც ევროკავშირის ელჩს, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სხვა მდგომაროება იყოს. თუმცა, როგორც ჩვენ, სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, სიტუაცია ამჟამად უკიდურესად რთულია. როგორც ევროკავშირმა, 2023 წლის დეკემბერში გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთვის კარი გაგვეღო, იმ პირობით, რომ რეფორმები განხორციელდებოდა.

როგორც ვხედავთ, იმ რეფორმების უმეტესობა არ ხორციელდება, პირიქით, გადაიდგა ნაბიჯები, რომლებიც არ აახლოებენ საქართველოს ევროკავშირან და უფრო აშორებენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშსა საქართველოს შორის ურთიერთობებს“, — ამბობს ელჩი ჰერჩინსკი.

პაველ ჰერჩინსკი ასევე საუბრობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე და ევროკავშირის ურთიერთობაზე. მისი თქმით, წევრობაზე განცხადების შეტანით, „ოცნება“ საკუთარი ნებით მოექცა ევროკავშირის ყურადღების ქვეშ.

„როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საქართველოს მთავრობა ნებაყოფლობით მოექცა ევროკავშირის ყურადღების ქვეშ. და ჩემი ვალდებულებაა, ვაცნობო მთავრობას და საზოგადოებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგომარეობის შესახებ. და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიღწეულია ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის.

დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის 27 წევრს შორის მიმდინარეობდა დისკუსია საქართველოში იმ პირების მიმართ სანქციების შემოღების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამ დროისთვის არ არის ერთიანობა, მაგრამ მუშაობა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ერთსულოვნება იქნება“, — თქვა ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინკსიმ ასევე ახსენა ევროკავშირის დაფინანსება. მისი თქმით, ევროკავშირი სრულად აჩერებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტისადმი  და აპირებს, რომ დაფინანსება გადამისამართდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისკენ.

„მრავალი წელია, ევროკავშირი ამაყად უჭერს მხარს საქართველოს განვითარებას და საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი. შემიძლია გითხრათ, რომ ყოველწლიურად ვხარჯავდით 85-100 მილიონ ევროს სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად. თანხის აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცემოდა.

თითქმის 50% პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა. დიდი ნაწილი დაეთმო ჩვენს განმახორციელებელ პარტნიორებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სამინისტროებთან. მხოლოდ მცირე ნაწილი დაეთმო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს

ჩვენ გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება. ასე რომ, ის თანხა, რომელიც ადრე მიდიოდა პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და საქართველოს სამინისტროებში, შეჩერდება. ჩვენ ვცდილობთ, ამ თანხის ნაწილი მაინც გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად“, — ამბობს ელჩი.