ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი მოლდოვას გამოუყოფს 120 მილიონი ევროს დახმარებას მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
გამოყოფილი დახმარება დააფინანსებს საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოემსახურება.
ევროპული საბჭო წერს, რომ ეს მხარდაჭერა ავსებს ევროპული სამშვიდობო ფონდის ფარგლებში გაწეულ წინა დახმარებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საჰაერო მეთვალყურეობისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.
„ეს მხარდაჭერა კვლავაც მისცემს მოლდოვის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობას, გააუმჯობესონ თავიანთი ოპერატიული ეფექტიანობა და, შესაბამისად, უკეთ დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა“, – აცხადებს ევროპული საბჭო.
ევროკავშირმა მოლდოვას ევროპული სამშვიდობო ფონდის ფარგლებში უკვე 317 მილიონი ევრო გამოუყო.
ევროპული სამშვიდობო ფონდი 2021 წლის მარტში შეიქმნა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში განხორციელებული ყველა სამხედრო და თავდაცვის სფეროს ღონისძიების დასაფინანსებლად. მისი მიზანია კონფლიქტების თავიდან აცილება, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერება.
ევროპული სამშვიდობო ფონდი ევროკავშირს საშუალებას აძლევს, დააფინანსოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია მესამე ქვეყნების, ასევე რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ სამხედრო და თავდაცვის სფეროებში.