ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

პუბლიკა

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოც მოხვდა.

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი მინისტრებს ვიდეოკონფერენციაზე მიმდინარე საკითხებსა და ბოლო და მოსალოდნელ მოვლენებზე მიაწვდის ინფორმაციას.

„განსახილველ საკითხებს შორისაა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოში, ინდოეთში, მიანმარსა და მოზამბიკში და ირანთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA). საბჭოს წევრები გაცვლიან მოსაზრებებს ეთიოპიის და უკრაინის შესახებ. მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე მოსაზრებებს გაცვლიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრი კულებასთანაც“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.

საქართველოს შესახებ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მინისტრები მოისმენენ ინფორმაციას და იმსჯელებენ დანიელსონის მეორე ვიზიტის შედეგებსა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე.

ინდოეთთან მიმართებით მსჯელობა შეეხება დაგეგმილ შეხვედრას ევროკავშირისა და ინდოეთის ლიდერებს შორის. ასევე მსჯელობა იქნება მიანმარში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და მოზამბიკში მიმდინარე მოვლენებზე. ხოლო უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვის კუთხით შეეხება საუბარი ეთიოპიას, ტიგრაის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთს მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედროების თავმოყრას.