ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში აღარ გაიმართება

ვასკა მათითაიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება.

ზალკალიანის განმარტებით, საქართველოს წარმომადგენლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს როგორც თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია არ დაზიანებულიყო, ვინაიდან, მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებისთვის აქამდე არ უმასპინძლია.

„მე ძალიან მწყდება გული. მართლაც, ეს იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ წევრს და თავმჯდომარეს, რომლის თავმჯომარეობაც მართლაც ძალიან დიდი წარმატებით მიმდინარეობს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთივე წარმატებით დასრულდებოდა თბილისში, გვექნებოდა შესაძლებლობა, ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ჰქონდა ვალდებულება, ემასპინძლა მინისტერიალში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციისთვის. შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, ერთობლივად  გადაწყდა მინისტერიალის სტრასბურგში გამართვა.

„ასევე, მინდა, გაცნობოთ, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს, როდესაც ქვეყნებმა, რომლებიც იყვნენ თავმჯდომარეები, მინისტერიალი გამართეს სტრასბურგში. 4 თუ 5 პრეცედენტი არსებობს ამისი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

2020 წლის მაისში საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომისთვის უნდა ემასპინძლა.