ევტუშენკოვი, რომელმაც თქვა, რომ „ივანიშვილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს", EU-მ დაასანქცირა

პუბლიკა

რუს ბიზნესმენ ვლადიმირ ევტუშენკოვს, რომელმაც თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს”, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.

ევტუშენკოვი მოხვდა EU-ის მიერ უკრაინისთვის დაწესებული სანქციების მე-16 პაკეტში. ამ პაკეტით სანქცირებულთა სიას შეემატა 48 ინდივიდუალური პირი და 35 ორგანიზაცია, რომელთა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა ან საფრთხე შეუქმნა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ვლადიმირ ეტუშენკოვის სანქცირების მიზეზების შესახებ ევროკავშირი წერს, რომ მას „ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს ვლადიმირ პუტინთან და 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევტუშენკოვი კრემლში, პუტინის ბიზნესმენებთან შეხედრაზე იმყოფებოდა”.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვი ფლობს 49.2%-იან წილს საინვესტიციო კომპანია Sistema-ში, თავმჯდომარეობს რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირის (RSPP) ინდუსტრიული პოლიტიკის კომიტეტს, არის RSPP საბჭოს ბიუროს წევრი, რუსულ-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს თანათავმჯდომარე, ასევე, რუსულ-საუდის არაბეთის გაერთიანებული სამთავრობო ეკონომიკური საბჭოს წევრი. ამიტომ, ვლადიმერ ევტუშენკოვი რუსეთში მომუშავე წამყვანი ბიზნესმენია”.

2022 წლის 25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არაა. ჩანაწერების მიხედვით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსულია მისი წარმომადგენელი და სთხოვს, რომ მას შეხვდეს.

ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მის წარმომადგენელს პრემიერს შეახვედრებს, რადგან „ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერს მიხედავს“.

მეორე დღეს ვლადიმირ ევტუშენკოვმა „ფორმულასთან“ თქვა, რომ მას ივანიშვილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და მისი წარმომადგენლის, ალი უზდენოვის ვიზიტსაც პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონია.

ვლადიმირ ევტუშენკოვს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 2022 წელს დაუწესა, ამავე წელს მას სანქციები დაუწესეს ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და უკრაინამ. 2023 წელს მათ რიცხვს შეუერთდა ჩეხეთიც.

ხოლო აშშ-მ სანქციების ქვეშ მოაქცია ევტუშენკოვის კომპანია „სისტემა“ და  მისი პორტფელის რამდენიმე კომპანია 2023 წლის ნოემბერში.