Facebook-მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებულ სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე | სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ Facebook-ის მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე.

სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც გადაწყვეტილება 2 სექტემბერს გამოიტანა, დაეთანხმა საფრანგეთის სასამართლოებს, რომლებმაც მის გვერდზე დატოვებული კომენტარების შინაარსზე პასუხისმგებლობა დააკისრა ფრანგ პოლიტიკოსს ჟულიენ სანჩესს.

ჟულიენ სანჩესის საქმის ისტორია

სანჩესი 2011 წელს საფრანგეთის ერთ-ერთი კომუნის ბოკერის მერი და ოქიტანიის რეგიონული საბჭოს წევრი იყო. ის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული ფრონტის“ სახელით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და მისი ოპონენტის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს ევროპარლამენტის წევრი იყო, Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

სანჩესის გვერდზე დაწერილ პოსტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და მათი ნაწილი საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელ შინაარსს შეიცავდა. მაგალითად, სანჩესის ოპონენტს, რომელიც ქალაქ ნიმის მერის მოადგილეც იყო, ერთი მათგანი „ადანაშაულებდა“, რომ ფრანგული ქალაქი „ალჟირს დაამსგავსა“ და ქუჩებში ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სექსმუშაკები „გაბატონდნენ“.

მოგვიანებით, ჟულიენ სანჩესის გვერდზე დაწერილი კომენტარები აღმოაჩინა მისი ოპონენტის პარტნიორმა, რომელმაც სანჩესისა და კიდევ ორი პირის მიმართ, ვინც, მისი აზრით, სიძულვილის შემცველ კომენტარებს წერდა ქალაქ ნიმის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მათ რელიგიური, რასობრივი და ეთნიკური შუღლის გავრცელებაში დასდრო ბრალი.

2013 წელს სასამართლომ სანჩესსა და მის გვერდზე დაწერილი კომენტარების ორ ავტორს 4000-4000 ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ჟულიენ სანჩესმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თუმცა ნიმის სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ჯარიმა შეამცირა 3000 ევრომდე და მთლიანობაში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა.

სასამართლოში მიიჩნიეს, რომ სანჩესის კედელზე განთავსებული კომენტარები პირდაპირ იყო მიმართული კონკრეტულ მუსლიმ თემზე და მათ ასოცირებას კრიმინალთან ახდენდა, რითაც შესაძლოა გამოეწვია შუღლი მოსახლეობაში.

ჟულიენ სანჩესმა კი მის Facebook-გვერდზე განთავსებული სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები არ წაშალა და თვეების განმავლობაში ხელი შეუწყო მათ ხილვადობას.

პოლიტიკოსმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაც სცადა, თუმცა მისი საკასაციო საჩივარი არ მიიღეს და სანჩესმა 2015 წელს სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.

ჟულიენ სანჩესი აცხადებდა, რომ Facebook-ზე მის გვერდზე სხვების მიერ განთავსებული კომენტარების გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება წინააღმდეგობაში მოდიოდა ადამიანის უფლებათა კონვენციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟულიენ სანჩესის გვერდზე დაწერილი კომენტარების ბუნება არ იყო კანონიერი. ფრანგული სასამართლოს ორივე ინსტანციამ დაადგინა, რომ კომენტარები მკაფიოდ გამოყოფდა მუსლიმ თემს და მათ ასოცირებას კრიმინალთან ახდენდა. მუსლიმი თემის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს დიდი შანსია, გამოეწვიათ მათი მიუღებლობა და მუსლიმთა წინააღმდეგ ძალადობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ შემწყნარებლობა და განსხვავებული ადამიანების თანაბარი პატივისცემა არის საფუძველი დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების.

შესაბამისად, შესაძლოა იმის განხილვა, რომ საჭიროა დასჯაც და პრევენციაც კი გამოხატვის ყველა იმ ფორმის, რომელიც აღვივებს, ავრცელებს და აძლიერებს სიძულვილს. შესაბამიად, გარკვეული ტიპის ჯარიმა, შეზღუდვა თუ პირობები იყო პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია პოლიტიკური დებატის წარმართვისას ადამიანები უნდა სარგებლობდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რაც შეიძლება მაღალი თავისუფლებით, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო კამპანიისას.

თუმცა, ჟულიენ სანჩესის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება არა მისი სიტყვის თავისუფლებას ან თავის გვერდზე პოლიტიკურ დებატების წარმოწყების, არამედ მის გვერდზე გამოჩენილი სიძულვილის შემცველი ტექსტების წინააღმდეგ მოქმედების ნაკლებობის გამო მიიღეს.

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი გვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი შეგნებულად გახადა და მეგობრებს მისი ნახვის შესაძლებლობა მისცა. შესაბამისად, სანჩესი პასუხისმგებელი იყო მის გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერების მონიტორინგზეც.

ფრანგული სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მიიჩნია, რომ სანჩესს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, მისი გვერდი რომ პოლიტიკური შინაარსის კომენტარებს მიიზიდავდა. უბიძგებდა მათ ავტორებს პოლემიკისთვის და სანჩესს კიდევ უფრო დიდი ყურადღებით უნდა გაეკეთებინა კომენტარების მონიტორინგი.

სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნა, რომ სანჩესს პოლიტიკური ფიგურის სტატუსი ავალდებულებდა, მეტი სიფრთხილე გამოეჩინა. მან კი სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების საჯარო ხილვადობას მინიმუმ 6 კვირის გნამავლობაში შეუწყო ხელი.

საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფრანგული სასამარტლოების მიერ მიღებული ზომა ჟულიენ სანჩესის წინააღმდეგ არ იყო პროპორციული და ეწინააღმდეგებოდა მისი გამოხატვის თავისუფლებას. ჟულიენ სანჩესი პასუხისმგებელია მის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ Facebook-პოსტებსა და მისი კომენტარების კონტროლზე.