Facebook მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიაანგარიშებს მამხილებელ იარლიყს დაურთავს

მიმდინარე წლის განმავლობაში Facebook-უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის უკეთ უზრუნველსაყოფად მთავრობების მიერ დაფინანსებული მედიაგამოცემების ანგარიშებს მამხილებელ იარლიყებს დაურთავს.

„იარლიყი მსოფლიოს მასშტაბით რეკლამების შემთხვევაში „Ad Library Page” გრაფაში, ხოლო ანგარიშების შემთხვევაში „Page Transparency” სექციაში გამოჩნდება. ზაფხულის მიწურულს მთავრობების მიერ მართული რამდენიმე მედიაგამოცემის რეკლამებში უკვე გამოჩნდება იარლიყი, ხოლო შემდგომ სხვა მედიაგამოცემებიც დაემატება”, – წერია Facebook-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, Facebook-ის ადმინისტრაციამ მსოფლიოს გარშემო 65 მედიაექსპერტთან და ადამიანის უფლებების სპეციალისტთან დაიწყო თანამშრომლობა. მათი განცხადებით, Facebook არა მხოლოდ დაფინანსებულ კონტენტზე განახორციელებს მონიტორინგს, არამედ სხვადასხვა მედიაგამოცემების სარედაქციო პოლიტიკის მთავრობაზე დამოკიდებულების ხარისხზეც.

„ამ კონსულტაციებსა და კვლევებზე დაყრდნობით ჩვენ შევიმუშავეთ წესები იმის დასადგენად, თუ რამდენად არის მედიაგამოცემის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ”, – წერია განცხადებაში.

ადმინისტრაციის განცხადებით, სარედაქციო პოლიტიკის მთავრობაზე დამოკიდებულების კვლევის პროცესში Facebook ადგილობრივ ფაქტორებსაც გაითვალისწინებს, როგორებიცაა: პრესის თავისუფლება და ადგილობრივი აკადემიკოსებისა და ექსპერტების მოსაზრებები.