ფონ კრამონი: რუსული კანონის მიღების შემდეგ არ გაიხსნება EU-ში გაწევრების მოლაპარაკებები 

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „რუსული კანონის” ხელმეორედ ინიცირებას განცხადებით ეხმაურება.

ის აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ”, ჩვეულებისამებრ, იცრუა, როცა პირობა დადო, რომ არ დააინიციირებდა კანონს, რომლის გაწვევაც ერთი წლის წინ მოუწიათ.

„მაგრამ მაინც გააკეთეს. ეს არის მმართველი პარტიის ბოლო წლების ანტი-ევროკავშირული და პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირის გზაზე საბოტაჟს და მოსკოვში ოლიგარქების ხელმძღვანელებს სიამოვნებას”. – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტარი ასევე მიუთითებს, რომ კანონპროექტის მიზანია, უცხო ქვეყნის აგენტებად შერაცხოს დემოკრატიის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების თვალში ძირი გამოუთხაროს მათ სანდოობას და საშუალება მისცეს “ქართულ ოცნებას,” დაუსჯელად გააგრძელოს ქართული დემოკრატიისა და ევროპული მომავლის აღმოფხვრა.

„აღარ არის საჭირო იმის თქმა, რომ რუსეთის აგენტები, რომლებიც საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ და ქვეყანაში ფართოდ არიან წარმოდგენილნი, მიიღებენ უფლებას, თავიანთი ფარული ოპერაციები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააგრძელონ”. – ნათქვამია ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის საქართველოს მიანიჭეს არა მოქმედი ხელისუფლების გამო, არამედ – ამის მიუხედავად.

„ეს გადაწყვეტილება იყო დამსახურება ქართველი ხალხის გამბედაობისა, როცა ისინი გამოვიდნენ დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად. EU-მა ცალსახად უნდა განუმარტოს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ხალხს, რომ „რუსული კანონის” მიღებით, „ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ხურავს კარებს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ, რადგან ამის შემდეგ არ გაიხსნება გაწევრების მოლაპარაკებები ან EU-ში ინტეგრაციის რაიმე სხვა ფორმა”. – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.