გაგრძელდება კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ პირთან - კობახიძე ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნამახვანჰესის საკითხი უნდა გადაწყდეს ექსპერტული ანალიზის საფუძველზე და მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებაც.

„ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ექსპერტული ანალიზის საფუძველზე და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, რომ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, გაგრძელდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.


ნამახვანჰესის წინააღმდეგ დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება.

აპრილში რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის პროცესი ვერ შედგა. მათი თქმით, დიალოგი იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუ ამ პროცესში გადაწყდებოდა ჰესის აშენება/არ აშენების საკითხი. მათივე თქმით, მთავრობის პასუხში ამგვარი დაშვება გათვალისწინებული არ ყოფილა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.