გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და ამცრელი ბრიგადების რაოდენობა - საკოორდინაციო საბჭო

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და ამცრელი ბრიგადების რაოდენობა:

„საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა“, – განაცხადა ღიბრაძემ.

გიორგი ღიბრაძის თქმითვე, ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ცხელი ხაზის საშუალებით შეძლებენ:

„როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144“, – განაცხადეს ბრიფინგზე.