გახარია NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა

პუბლიკა

დღეს ბრიუსელში,  NATO შტაბბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო.

„მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს NATO-სთან აკავშირებს, საქართველო  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია”, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უნდა ამაყობდეს იმ წვლილის გამო, რომელიც შეაქვს NATO-ს უსაფრთხოებაში და NATO-ს მისიების წარმატებაში.

„საქართველო  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, სწავლებებში, ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ერთად და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ NATO-ს უსაფრთხოებაში და NATO-ს მისიების წარმატებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგი არჩევნების თემასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება, ეს მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის ასევე NATO-სთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ასევე  ვისაუბრეთ საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ავიატრასების რადარების მონაცემები, ვითანამშრომლოთ ერთობლივი წვრთნების პროცესში, შავი ზღვის რეგიონში“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ NATO-ს შტაბბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის საქართველოს შესაძლებლობების ფანჯარა NATO-სთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის.

გახარიას შეფასებით, მხარეებმა შეხვედრისას ერთობლივად აღნიშნეს, რომ გასულ წელს NATO-საქართველოს შორის იყო ძალიან დინამიური თანამშრომლობა პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის წვრთნების ნაწილში.

„უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა NATO-სა და საქართველოს შორის.ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ის არჩევნები, რომელიც მალე შედგება საქართველოში. საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება NATO-სთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გახარიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობაზე.

„კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა განვიხილეთ და მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო ნატო-ს გენერალური მდივნის მიმართ, იმ უწყვეტი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი არის გამოხატული“, – განაცხა გახარიამ.

აღნიშნული განცხადებების წერილობით ვერსიას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.